პაპუნა ლეჟავა - როცა ეკონომიკა გაიხსნა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.
„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინი ასრულებს. მოგეხსენებათ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როცა პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სებ-ს აქვს საკმარისი რეზერვი 2020 წლის მსგავსად, ინტერვენციები 2021 წელსაც აქტიურად განახორციელოს.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ სოლიდური დახმარებების პაკეტი მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ამ პროცესში ჩვენი როლი იყო, რომ ეს უცხოური ვალუტის დაფინანსება მოგვეხვედრებინა ბაზარზე და ამით ნაწილობრივ შეგვერბილებინა ის დანაკლისი, რაც ეკონომიკამ განიცადა, ძირითადად, ტურისტული შემოსავლების კლების სახით. ხოლო ამ ინტერვენციების მიზანი იყო, გავლენა როგორც ფასების, ისე ფინანსურ სტაბილურობაზე მაქსიმალურად შეგვემცირებინა. გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია, სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. წლის დასაწყისში, წელს უკვე 254 მლნ დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული და ამას წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუმცა, თუ შეიცვალა სიტუაცია და დადგა მეტი ინტერვენციის შესაძლებლობა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს აქვს, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.