პაპუნა ლეჟავა - გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით ვხედავთ
პაპუნა ლეჟავა - გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით ვხედავთ

გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით ვხედავთ. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს რისკები შერბილდა, მონეტარულ პოლიტიკას შევამსუბუქებთ. ჩვენი მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია სამ პროცენტამდე შემცირდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული ახალი სტრატეგია განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკი უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვების ნაცვლად, დროებით ბაზრისთვის სავალუტო რესურსის რეგულარულად მიწოდებაზე გადავიდა, რათა ბაზარს კორონავირუსით გამოწვეული დროებითი შოკის დაძლევა გაუმარტივოს. ეროვნული ბანკის ახალი სტრატეგიის შედეგად, დღეს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ თითქმის 19.5 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ შეამსუბუქებს იქამდე, ვიდრე ინფლაციაზე ზეწოლის რისკები არ შერბილდება.

„დღეს ლარის კურსი ნამდვილად არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა და მისი ინფლაციაზე ზემოქმედების ფაქტორიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. გვქონია პერიოდები, როცა კურსის გაუფასურებას ინფლაციაზე გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ ჩვენი მთავარი მანდატის ფარგლებში,შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა, გავაგრძელებთ ისეთ პოლიტიკას, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ინფლაცია 7 პროცენტამდე იყო ასული. მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდა. ჩვენ დროებით მაინც ვინარჩუნებთ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას სწორედ იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით ვხედავდით. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს რისკები შერბილებულია, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას მოვახდენთ. თუმცა ჩვენი მიზანია საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიან ინფლაციას მივაღწიოთ“, – განუცხადა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნესპარტნიორს“.