პაპუნა ლეჟავა - გადავადებული სესხების 90 პროცენტზე მეტი ფიზიკურ პირებზე მოდის
პაპუნა ლეჟავა - გადავადებული სესხების 90 პროცენტზე მეტი ფიზიკურ პირებზე მოდის

პანდემიის გამო საბანკო სექტორის მიერ სამი თვით გადავადებული სესხების 90 პროცენტზე მეტი ფიზიკურ პირებზე მოდის. გადავადებული სესხების მოცულობა კი, საბანკო სექტორის მთლიანი სასესხო პორტფელის თითქმის ნახევარს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საბანკო სექტორის ზარალი განიხილეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 943 მილიონი ლარი შეადგინა. 

გადაცემის მსვლელობისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო საბანკო სექტორის ზარალი სავსებით მოსალოდნელი იყო და ეს პოტენციური სასესხო დანაკარგების დასაზღვევი რეზერვის შექმნას უკავშირდება.

რაც შეეხება ბანკების მიერ პანდემიის გამო სამი თვით გადავადებული სესხების პროგრამას, ამ პროგრამის ფარგლებში გადავადებული სესხების მოცულობამ მთლიანი სასესხო პორტფელის თითქმის ნახევარი შეადგინა და ბენეფიციართა ძირითადი ნაწილი ფიზიკურ პირებზე მოდის.

„სასესხო პორტფელის თითქმის ნახევარია ჩართული ამ პროგრამაში. ამ ეტაპზე 35 მილიარდიდან 15 მილიარდის ოდენობის სესხზეა მორატორიუმი. ეს თანხები რჩება ხელმისაწვდომი იმ ბიზნესებისა და მომხარებლებისთვის, ვისაც აქამდე სესხების დაფარვა უწევდათ. ძირითადად პროგრამაში ფიზიკური პირები არიან ჩართულები. რაოდენობრივად დაახლოებით 90 პროცენტზე მეტია ფიზიკური პირი და დანარჩენი ბიზნესზე მოდის“, – განაცხადა ლეჟავამ.