შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებები“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებული არის აქტიურ პოლიტიკას, მან ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ვინმემ ეს ეჭვქვეშ დააყენოს.

„მე თავად გახლავართ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილება ამ პარტიაში, ამ პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ საბჭოში და მიიღება საპარლამენტო უმრავლესობაში. ეს არის ფორმატი, სადაც მიიღება გადაწყვეტილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩართვას პოლიტიკაში, ასე ვთქვათ ფორმალურად და უკვე ოფიციალურად ჩართვას, ესეც მიუღებელი არის და ამის ხუთი მიზეზი არსებობს. პირველი – ეს არის გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელზეც სააკაშვილს მისჯილი აქვს სამი წელი თავისუფლების აღკვეთა, მეორე – ეს არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. მესამე – ეს არის „იმედის“ საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, მეოთხე – ეს არის სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვა, რომელსაც სასამართლო განიხილავს. ბოლო მეხუთე მიზეზი – მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ის უკვე 2015 წლიდან არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ რაიმე საფუძველი, რომ მან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში თუ ასე შემდეგ არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი