პაპი ფრანცისკე სამხრეთ სუდანელ პოლიტიკურ ლიდერებს ფეხზე ემთხვია [ვიდეო]

პაპი ფრანცისკე სამხრეთ სუდანელ პოლიტიკურ ლიდერებს ფეხზე ემთხვია.

ვატიკანში ორდღიანი სტუმრობის დროს აფრიკული სახელმწიფოს პოლიტიკური პირები, რომლებიც წარსულში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, კათოლიკური სამყაროს წინამძღვარს შეხვდნენ, რა დროსაც რომის პაპმა თითოეული პოლიტიკოსის წინაშე დაიჩოქა და ფეხზე ემთხვია. ამ უპრეცენდენტო გზით პაპმა ფრანცისკემ წარსულში დაპირისპირებულ მხარეებს სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, როგორც ძმებს, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ვთხოვთ მთელი გულით, წინ გადავდგათ ნაბიჯი“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი და მისი მოწინააღმდეგე, ამბოხებულების ლიდერი რიეკ მაჩარი ერთმანეთს წლების განმავლობაში ებრძოდნენ. 2013 წელს დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რასაც წლების განმავლობაში 400 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გასულ წელს მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს, რის შემდეგაც, სამხრეთ სუდანში მრავალწლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა.