პაოლო ბანკერო დაბრუნდა - „ორლანდო“ „მილუოკისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა პაოლო ბანკერო და „ორლანდო მეჯიქის“ სათამაშო სტილიც შეიცვალა. გოგა ბითაძის ქომაგები ინტერესით ველოდით გუნდის მთავარი ლიდერის დაბრუნებას, რადგან საინტერესო იყო ქართველი ცენტრის როლი პარკეტზე ბანკეროს დაბრუნების შემდეგ. ბითაძის პროდუქტიულობა შემცირდა, რადგან ბანკერომ თამაშიდან 21 ბურთი ესროლა, კომბინაციები სხვა თარგზე აეწყო, სადაც ქართველი ცენტრის როლი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ბანკეროს არყოფნის პერიოდში.

„ორლანდო მეჯიქმა“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 106:109 წააგო. კარგი ის გახლდათ, რომ ბითაძემ შეინარჩუნა სასტარტო ცენტრის სტატუსი. გუნდის მეორე ცენტრი, ვენდელ კარტერი სათადარიგო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ბითაძეზე 2 წუთით მეტი ითამაშა. 48 სათამაშო წუთი ცენტრებზე ასე გაიყო: ვენდელ კარტერი 25, გოგა ბითაძე – 23.

ბითაძემ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გოგამ მხოლოდ 4-ჯერ შეუტია ფარს და 2 სროლა ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 1 პასი გახლდათ, როცა ბოლო 4 მატჩში საშუალოდ 5-მდე პასს აგროვებდა. ბანკეროს სტატისტიკა: 34 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. მასზე უკეთესი შედეგი აღმოაჩნდა იანის ანტეტოკუნმპოს, რომელმაც 41 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა.

შემდეგი მატჩი 13 იანვარს კვლავ ორლანდოშია, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ.