პაოლო ალი - ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა
პაოლო ალი - ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის პარტნიორობა არ ნიშნავს წევრობას და ამას სჭირდება შემდეგი რეფორმები, მაგრამ ცვლილებები აუცილებელია.

„საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე, გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი.

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში, რუსეთი ბრძოლობს, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

მისივე თქმით, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.

„ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი
ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა“,- აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალის თქმით, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა.

„ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას და საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რომ გავაღრმაოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა. მინდა ხაზი გავუსვა სწორედ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ერთგვარ კოლეგიალურ თანამშრომლობას და მადლობა გადავუხადო ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, დღევანდელი სემინარის ორგანიზებისთვის.

2018 წელი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. სამ წელიწადში, მაშინ ახალგაზრდა რესპუბლიკამ, საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა 1921 წელს წითელმა არმიამ გაანადგურა ევროპული პერსპექტივები“,- აღნიშნა ატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გაიხსნა. სემინარი 25 აპრილს დასრულდება.