პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი ზაურ გუმაშვილი - პანკისის ხეობაში პროცესები აშკარად მართულია
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი ზაურ გუმაშვილი - პანკისის ხეობაში პროცესები აშკარად მართულია

პანკისის ხეობაში პროცესები აშკარად მართულია, თუმცა ვერ გეტყვით კონკრეტულად, რომელი ძალა მართავს ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ზაურ გუმაშვილმა განაცხადა.

როგორც გუმაშვილმა აღნიშნა, აქციებში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც ნაკლები განათლება აქვთ, ნაკლებად არიან გათვითცნობიერებული გარემოს დაცვის საკითხებში.

„ეს ადამიანები აქტიურობენ და არასწორ წარმოდგენას უქმნიან ხეობის მცხოვრებლებს, თითქოს რაღაც კატასტროფა ელოდება ხეობას, რაც რეალობასთან კავშირში ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა გუმაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არსებობს, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

„ეს არ არის ისეთი გადაუჭრელი პრობლემა, რომ უზარმაზარი ჰესის მშენებლობაზე იყოს საუბარი ან რაიმე დიდი კატასტროფული ცვლილებები გამოიწვიოს მან გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ასე რომ, ტრაგედიის შექმნა ამ საკითხზე ძალიან გადაჭარბებულია და მოუგვარებელი პრობლემა არ არის“, – განაცხადა გუმაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, როდესაც ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიოდნენ, შეხვედრის მონაწილების მხრიდან არ იყო წარმოდგენილი მყარი არგუმენტები.

„საუბრობდნენ იმაზე, რაც ყურმოკვრით ჰქონდათ გაგებული ვიღაცისგან. არ იყო რეალური საფრთხეები წარმოჩენილი. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ხეობის სადარაჯოზე, დღეს ეს რომ რეალური საფრთხე იყოს, პირველ რიგში, ჩვენ ვიქნებოდით ავანგარდში. აქციის მონაწილე ადამიანები რეალობისგან შორს არიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ პირადი ინტერესები აქვთ. ჯერ ბუნდოვანია ყველაფერი და ალბათ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს“, – განაცხადა გუმაშვილმა.