პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შმაგი მუთოშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შმაგი მუთოშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული შმაგი (ასლან) მუთოშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს.

მუთოშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ და საქმის სამართლიანად გამოძიება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, მუთოშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულება არ გააჩნია.

„ვითხოვთ გათავისუფლდეს შმაგი მუთოშვილი. ის უკანონოდ არის დაკავებული. ის არ გვეყო რომ ერთი მოგვიკლეს, ახლა კიდევ ამის დაკავება. ეს არის დაშინება და გაფრთხილება რომ გავჩუმდეთ, რადგან გამოძიებას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და გავაგრძელებთ აქციებს“, – აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

დღესვე, თელავის რაიონულ სასამართლომ შმაგი მუთოშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება შმაგი მუთოშვილის ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება. შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმა. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის – მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო ,მეორე ვერსიით კი, მხარეებს შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა. 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობისთვის ორი პირია დაკავებული.