პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა 
პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა 

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ამ დრომდე ელოდებიან უცხოელ სპეციალისტს, თუმცა მათი ჩამოსვლის დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია ოჯახს არ აქვს.

დაჭრილი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ექიმებს, მათი უცხოეთში მცხოვრები ახლობლები დაუკავშირდნენ და ისინი გუშინ ღამიდან ელოდებიან ერთ-ერთ სპეციალისტს, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდისთვის მივა ექიმი საავადმყოფოში.

კლინიკის ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის ტრანსპორტირება ძალიან რთული იქნება.

კლინიკაში იმყოფება პანკისის ხეობის უხოცესთა საბჭოს წევრი ელიზბარ მარგოშვილიც, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ უხუცესებს შორის, ვისაც სუს-მა მტკიცებულებების ნაწილი გააცნო.

ელიზბარ მარგოშვილის თქმით, მტკიცებულებების ნახვის შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადება შეცდომა იყო.

“ჩემი განცხადება, რომ მტკიცებულებების ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ დაკავებულები ტერორისტებთან კავშირში იყვნენ შეცდომა იყო”, – განაცხადა ელიზბარ მარგოშვილმა.

მისი თქმით, აზრის სწორად ჩამოყალიბება ვერ შეძლო და ეს გაუგებრობად ამას უკავშირდება.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დატოვე კომენტარი