პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლები ხელისუფლებისადმი მიმართვას ამზადებენ და აცხადებენ, რომ ჰესებზე მოლაპარაკება გამორიცხულია 

პანკისის ხეობის მოსახლეობა სახალხო კრების სახელით ხელისუფლებას მიმართავს გაუგზავნის.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახალხო კრების წევრი ხეობის თითო სოფლიდან ექვსი ადამიანი, სამი ხანდაზმული და სამი ახალგაზრდა იქნება.

მათივე განცხადებით, ხელისუფლებისადმი გასაგზავნი მიმართვის ტექსტის შედგენაც და შემდგომ დიალოგში მონაწილეობაც მათ დაევალებათ.

ამასთან, პანკისის ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავენ.

„ხელისუფლებასთან ჰესებთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამორიცხულია, ჩვენ 21 აპრილს ძიბახევში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გვინდა საუბარი. დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ნუ იქნება დაკავებები, კიდევ უფრო ნუ გააღიზიანებენ ხალხს“, – განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ჯარაფ ხანგოშვილმა.

როგორც თამაზ ბაღაკაშვილმა აღნიშნა, პანკისის მოსახლეობა დგამს პირველ ნაბიჯს და ხელისუფლებას უგზავნის მიმართავს.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. არ გვინდა დაპირისპირებისკენ წასვლა და გვინდა, როგორმე დალაგდეს სიტუაცია. საქართველოს კარგიც და ცუდიც ჩვენი სატკივარია, აქედან გამომდინარე, დაპირისპირებისკენ წასვლა არ გვინდა და ამიტომ ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს და ხელისუფლებას გავუგზავნით მიმართვას“, – თამაზ ბაღაკაშვილი.