პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი პატრიარქს ხვდება
პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი პატრიარქს ხვდება

პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება. პატრიარქთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ მოთხოვნით შედგა.

შეხვედრაზე იმყოფება ათამდე პირი, მათ შორის, შეხვედრაზე არიან ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები პანკისიდან და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები.

მათი განცხადებით, პატრიარქთან საუბრის მთავარი თემა იქნება 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოსავლის გზებზე მსჯელობა. ასევე შეხვედრის მონაწილეებს პატრიარქთან შუამდგომლობის თხოვნა აქვთ, რომ პანკისში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შეწყდეს.

„პატრიარქს ვთხოვთ, გვიშუამდგომლოს მთავრობასთან, რადგან მუხლი, რომლითაც საქმე არის აღძრული, პანკისში მცხოვრებლებში შორის სრულ აღშფოთებას იწვევს და არა მარტო მათი. თითქმის ყველა რეგიონი შემოვიარეთ საქართველოში, გვქონდა შეხვედრები, ვეკითხებოდით ადამიანებს, რამდენად მართებული იყო, რა მხრივ იყო შეცდომა დაშვებული, საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც ოთხი წლიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, ეს უნდა შეჩერდეს, რადგან სპეცრაზმის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ზედმეტად მაპროვოცირებელი, რომელსაც წამოეგებოდა ნებისმიერი ადამიანი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ დამფუძნებელმა, თემურ ცათიაშვილმა.