პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს ალტერნატიული საბჭო შეიქმნება
პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს ალტერნატიული საბჭო შეიქმნება

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს ალტერნატიული საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ პირველ არხს ხეობის სალაფიტური თემის წარმომადგენელმა, მუსა პანკისელმა განუცხადა.

მისი თქმით, ხეობის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას უნდა იღებდნენ ახალგაზრდებიც.

„გამოჩნდა, რომ ჰესის საკითხს ვერ გადავწყვეტდით ცალკ-ცალკე, ვერც ახალგაზრდები და ვერც უხუცესები. ამისათვის იყო აუცილებელი კონკრეტულად ახალგაზრდებისა და უხუცესების შემადგენლობით საინიციატივო ჯგუფი. ხალხს თუ სურს ასეთი ჯგუფის შექმნა, გავივლით დამატებით კონსულტაციებს და ერთობლივად გადავწყვეტთ, რა მიმართულებით იმუშავებს ეს ჯგუფი“, – აცხადებს მუსა პანკისელი.

მისივე თქმით, საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი და მხოლოდ ინიციატივის დონეზეა. შეკრებაზე იქნებიან გვარის უფროსები. ახალი საბჭოს შექმნის დროს ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება საბჭოში.

„ეს არ იქნება რაღაც დაჯგუფებასავით. ხალხი თუ გადაწყვეტს, რომ ამ ახალარჩეულ უხუცესთა საბჭოში უხუცესებიდან ხასო ხანგოშვილი, ზაურ გუმაშვილი და სხვებიც უნდა იყვნენ, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც ჟღერდება, რომ აქ თითქოს კრიმინალები არიან, ვფიქრობ, ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებებია და არ უნდა კეთდებოდეს“, – განმარტავს სალაფიტური თემის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ახალი საბჭოს შექმნის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დუისში გამართულ აქციაზე ქისტურ ენაზე გაკეთდა. ამ აქციას ხეობის არც ერთი უხუცესი არ დასწრებია.

ადგილობრივი მოსახლეობა პირად საუბრებში უხუცესებსა და ხეობის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც ჰესების მშენებლობის საკითხის გამო უფრო გაღრმავდა.

მუსა პანკისელის თქმით, ალტერნატიულ საბჭოს 15 ახალგაზრდა და 15 ხანდაზმული წევრი ეყოლება.

პანკისის ხეობაში ალტერნატიული საბჭოს არჩევის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.