პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს ცხრა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს ცხრა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ გასული წლის 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს 37 წლის მისური მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების, არბი ქავთარაშვილისა და რამზან ხანგოშვილის მიმართ განაჩენი გამოაცხადა.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ გამოძიება უხარისხოდ და არაკვალიფიციურად ჩატარდა და აღნიშნა, რომ არასაკმარისია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადვოკატმა ბრალდების ვერსიას უსაფუძვლო უწოდა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაკავებულების ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის არგუმენტები და მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო რამზან ხანგოშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.