პანკისის ხეობაში სახალხო კრებამ ჰესების მშენებლობის საკითხზე იმსჯელა
პანკისის ხეობაში სახალხო კრებამ ჰესების მშენებლობის საკითხზე იმსჯელა

ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე, ხეობაში ჰესებს არ ავაშენებინებთ და არანაირ პირობებზე არ დავთანხმდებით, ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ დუისში გაიმართა.

სახალხო კრებაზე, რომელშიც 30 წევრისგან შემდგარი ხეობის უხუცესთა ალტერნატიული საბჭო და სხვადასხვა სოფლიდან შეკრებილი მოსახლეობა მონაწილეობდა, აღინიშნა, რომ ხეობაში უკვე აშენებულია რამდენიმე ჰესი და არათუ ახალი ჰესების მშენებლობას არ დაუშვებენ, არსებული ჰესების ხელმძღვანელებისგან მაღალი ძაბვის ელექტროსადენების დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადატანას ითხოვენ.

„სახალხო კრების კიდევ ერთხელ ჩატარების მიზანი მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაფიქსირება იყო. ხეობის მოსახლეობა არსებული რისკებიდან გამომდინარე ჰესების აშენების წინააღმდეგია, მომხრეები მხოლოდ ისინი არიან, ვისაც ბიზნესინტერესები აქვს. თუ მაინც შეეცდებიან აქ ჰესის აშენებას, გამოვალთ გარეთ, ყველა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს და არ მივცემთ აშენების საშუალებას“, – განაცხადა ხეობის მკვიდრმა ემზარ ტოხოსაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობამ ჰესების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა, გარემოზე ზემოქმედების კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტები მიიწვია და სარჩელით სასამართლოსაც მიმართა.