პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, რამაზ ხანგოშვილსა და არბი ქავთარაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო, რომლითაც ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი დაიჭრა.

საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 22 იანვრისთვის ჩაინიშნა.