პანკისის ხეობაში ჰესების დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ დუისში სახალხო კრების ჩატარება იგეგმება
პანკისის ხეობაში ჰესების დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ დუისში სახალხო კრების ჩატარება იგეგმება

პანკისის ხეობაში ჰესების დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, ხვალ სოფელ დუისში პანკისის სახალხო კრების ჩატარება იგეგმება.

ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ ერთხელ მსჯელობა სახალხო კრების ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ხეობის წარმომადგენლებს მშენებელი კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიის მხარემ ახალი პირობები წარმოადგინა, რომლებსაც, მათი თქმით, შეასრულებენ, თუ მოსახლეობა ბირკიანში ახალი ჰესის აშენების ნებას დართავს.

პირობები ასეთია:

1) არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გადატანას სხვა სოფლისგან მოშორებით;

2) ომალოში სასმელი წყლის გაყვანა;

3) ბირკიანისა და ძიბახევის ნაწილისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება.

სახალხო კრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხეობაში უკვე აშენებული და ასევე ჰესების კასკადის დაგეგმილი მშენებლობით მიღებული ზიანის ალბათობა დიდია და ინფრასტრუქტურული პროექტების სანაცვლოდ ამ რისკებზე წასვლის წინააღმდეგ გამოდიან.

პანკისის სახალხო კრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ჰესების აშენების საკითხის შესახებ განმსაზღვრელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება.

„თუ მათთვის შემოთავაზებული პირობები მისაღებია, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავყვეთ ხალხის ნებას, რადგან სახალხო კრების მთავარი მოვალეობა არის მოსახლეობის ინტერესების დაცვა“,- აცხადებენ სახალხო კრების ორგანიზატორები.