პანკისის ხეობაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამენ
პანკისის ხეობაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამენ

პანკისის ხეობაში მზად არიან, დიალოგი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთანაც გამართონ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო კრების წევრმა ემზარ ტოხოსაშვილმა განაცხადა.

„ჩამობრძანდებიან ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილეები, ალბათ დიალოგს გამართავენ. დიალოგის მეშვეობით უნდა დავალაგოთ ეს სიტუაცია“, – აღნიშნა ტოხოსაშვილმა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ 21 აპრილის მოვლენების გამო, შესაძლოა ისინი დააკავონ, რადგან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, საქმე საკმაოდ მძიმე მუხლითაა აღძრული.

„თუ დასაჭერია, მაშინ მთელი ხეობაა დასაჭერი“, – აღნიშნა ემზარ ტოხოსაშვილმა.

შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილიც ესწრებოდა.

„აქ არ შეიძლება საუბარი დაპირისპირების გაგრძელებაზე. საუბარი უნდა იყოს ზოგადად არსებული ვითარების განმუხტვაზე და იმ დიალოგის გაგრძელებაზე, რომელიც სულ არსებობდა. ამ შეხვედრას ჰქონდა ეს მნიშვნელობა. მოხდა ამ სურვილის კიდევ ერთხელ დაფიქსირება. მთავრობის გზავნილიც ამაში მდგომარეობდა. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო მტკივნეულ საკითხებსაც, მათ შორის იმას, რაც მოხდა, იმ საკითხის სამართლებრივ გაგრძელებას. ჩვენ არ ვართ უფლებამოსილები, კანონს ინტერპრეტაცია გავუკეთოთ. მიგვაჩნია, რომ დიალოგი მაინც ყველაზე კარგი საშუალებაა მწვავე პრობლემების მშვიდობიანი და კონსტრუქციული მიმართულების გადასაჭრელად“, – განაცხადა გუბერნატორმა.