პანკისის ხეობაში ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
პანკისის ხეობაში ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები“, -აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

„გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.