პანკისელი უხუცესი მალხაზ მაჩალიკშვილს პასუხობს - სააკაშვილის დროს ცხრა ახალგაზრდა მოგვიკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაწვეს 
პანკისელი უხუცესი მალხაზ მაჩალიკშვილს პასუხობს - სააკაშვილის დროს ცხრა ახალგაზრდა მოგვიკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაწვეს 

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მაჩალიკაშვილი პანკისელებს საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ხასო ​ხანგოშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს.

ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაწვეს.

„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს – შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვმართებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა. ვისაც ვინ უნდა, იმას მისცემს ხმას. ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ. ხალხი ბრძენია და თვითონ გაარჩევს, ვის დაუჭიროს მხარი. ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია. მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან. ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც აქვს“, – აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, ხასო ხანგოშვილი იმედოვნებს, რომ ამ საქმეში არსებულ კითხვებს ხელისუფლება დროულად გასცემს პასუხს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს ფეისბუქზე მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იძულებული ხდება, გაერთიანებულ ოპოზიციას დაუჭიროს მხარი.