მერებაშვილი პანდემიის გავლენაზე - პირველ მატჩში 45 წუთში ყველას დაღლა დაგვეტყო
მერებაშვილი პანდემიის გავლენაზე - პირველ მატჩში 45 წუთში ყველას დაღლა დაგვეტყო
პანდემიით გამოწვეული ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, პოლონეთში ექსტრაკლასას სეზონი განახლდება. ვაკო გვილია ვარშავის „ლეგია“ 30 მაისს პოზნანში „ლეხს“ ესტუმრება, ხოლო გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლა“ შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს, კიელჩეს „კორონას“ მიიღებს.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“გიორგი მერებაშვილმა სეზონის განახლებაზე ილაპარაკა.

„ეს ყველასთვის რთული პერიოდი იყო და გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან რთული ორი თვე გამოვიარეთ. ფეხბურთის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. ჯერ ორ-ორი კაცით ვვარჯიშობდით, ახლაი კი დაახლოებით სამი კვირაა, რაც სრულ დატვირთვებზე გადავედით. ძირითადი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი. ამის შემდეგ პლეიოფები დაიწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს კარგად გავაგრძელებთ და მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდებით. ეს ევროსაგზურისთვის ბრძოლის საშუალებას მოგცემს“ – ამბობს მერებაშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ ფეხბურთელის თქმით, პოლონეთში მინიმალური შეზღუდვებია: „ფაქტობრივად, პოლონეთში იგივე შეზღუდვებია, რაც გერმანიაში. მეზობელი ქვეყანაა და ბაძავენ. ანუ განსაკუთრებული შეზღუდვები არ იქნება. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე უმაყურებლოდ ვითამაშებთ. მათ გარეშე ფეხბურთი რთულია, მაგრამ მირჩევნია, უმაყურებლოდ იყოს, ვიდრე საერთოდ არ ჩატარდეს. ყველას ერთი სული გვაქვს, სეზონი მალე განახლდეს და ვითამაშოთ“.

გიორგი მერებაშვილის თქმით, თავიდან ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ:

„ორი თვე სახლში ვიყავით და ონლაინ-პროგრამით ვვარჯიშობდით. თუმცა, თამაშების და გუნდთან ერთად ვარჯიშის გარეშე გამორიცხულია, ფორმის პიკი შეინარჩუნო. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ვარჯიშები განვაახლეთ – ფიზიკურად გაგვიჭირდა. ამხანაგური თამაშების ჩატარების უფლებაც არ გვქონდა და ამიტომ ერთმანეთში ვითამაშეთ. 45 წუთის შემდეგ ყველას დაღლა დაგვეტყო,.თუმცა, მერე კიდევ ერთხელ ვითამაშეთ ერთმანეთში და უკეთ ვიყავით. იმედი მაქვს, რომ „კორონასთან“ კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნებით და გავიმარჯვებთ“.