პანდემიისა და ტურიზმის საკითხებზე მარიამ ქვრივიშვილმა „სიენენთან“ ისაუბრა [ვიდეო]
საქართველომ ყველას აჩვენა წარმატებული მაგალითი, როგორც უნდა ებრძოლო პანდემიას. ეს უნდა იყოს მტკიცებულება, გარანტია ყველა მოგზაურისა და ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავ ვიქნებით ძალიან ფხიზლად, რათა ყველა თანაბრად დავიცვათ, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„მხოლოდ 2019 წელს საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3,7 მილიონია, ჩვენ შევძელით ცხრა მილიონზე მეტი ტურისტის მასპინძლობა. საქართველოს ამოცანაა, დარჩეს უსაფრთხო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო დღეს და მომავალშიც. ეს მოიცავს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნას ითვალისწინებს. ეს მოიცავს საზღვრების გახსნას იმ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვედებარება. ცხადია, ჩვენ ამ ქვეყნების ნუსხის გაზრდას ვიმედოვნებთ. იმედია, მსოფლიოში სიტუაცია სტაბილური გახდება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ აამოქმედა უსაფრთხოების რეგულაციები საჯარო სივრცეში, ასევე ჯანდაცვის პროტოკოლები.
„ჩვენ წარმატებულად შევძელით ტესტირების გაფართოება და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ჩვენი კერძო სექტორი სრულად არის მომზადებული საერთაშორისო მოგზაურების დასახვედრად. მინდა, განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი ჩვენი ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას და მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, როდესაც ისინი ფაქტობრივად კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით რთულ პერიოდში, პანდემიის დროს. მაგალითად გეტყვით, რომ პანდემიის დროს ჩვენ ვიქირავეთ ასობით სასტუმრო და კარანტინის ზონად გადავაქციეთ. დღეს ეს პროექტი ცნობილია სახელით, „საქართველოს 5-ვარსკვლავიანი კარანტინი“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა კერძო სექტორმა აამოქმედა უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვის და ა.შ. რათა ეს ასახულიყო შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურობაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.