პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა [ფოტო/ვიდეო]

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა.

სპეციალისტების თქმით, გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობის არის. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია, პერიოდულად ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.