პალესტინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს, მუსიკალურ ფესტივალზე მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს, ისრაელის პრემიერი ბრალდებას „უაზროსა“ და „მიუღებელს“ უწოდებს
სამინისტროში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს.
როგორც ისრაელის მედია წერს, პალესტინის საგარეო საქმეთა განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ანგარიშებს 7 ოქტომბერს მომხდარ სისასტიკეზესა და ვიზუალურ მასალაზე და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გაერო-ს ოფიციალურ პირებს და ქვეყნების ლიდერებს, თვალყური ადევნონ და გადახედონ, თუ რას აქვეყნებს ებრაული მედია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრალდებების გამო პალესტინის ხელისუფლება გააკრიტიკა.
„დღეს რამალაში პალესტინის ხელისუფლებამ თქვა რაღაც სრულიად უაზრო რამ. მან უარყო, რომ სწორედ „ჰამასმა“ მოახდინა საშინელი თავდასხმა ღაზის მახლობლად, ფესტივალზე. მან, ფაქტობრივად, ისრაელი დაადანაშაულა ამ ხოცვა-ჟლეტვაში. ეს სიმართლისგან რადიკალურად განსხვავდება. მაჰმუდ აბასი, რომელიც წარსულში უარყოფდა ჰოლოკოსტის არსებობას, დღეს უარყოფს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას და ეს მიუღებელია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, მისი მიზანია, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ ღაზის ნებისმიერმა მომავალმა სამოქალაქო ადმინისტრაციამ არ უარყოს ხოცვა-ჟლეტვა, არ ასწავლოს შვილებს, რომ მათი ცხოვრების მთავარი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს დაშლა და განადგურებაა.