პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 პირი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელი ღაზაში თავდასხმებს აძლიერებს, მაშინ როდესაც ქალაქის ბევრი მცხოვრებელი ევაკუაციაზე უარს ამბობს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ისრაელის მიერ გამოცხადებულ ევაკუაციის ბრძანებას იმის გამო არ დაემორჩილა, რომ მათთვის უსაფრთხო ადგილი, უბრალოდ, არ არსებობს.
პალესტინის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ხელმძღვანელმა, ამჯად ალ-შავამ, რომელიც გაერო-სთან და საერთაშორისო დახმარების ჯგუფებთან თანამშრომლობს, „როიტერს“ განუცხადა, რომ ისრაელის მიერ ერთი თვის წინ, ქალაქზე კონტროლის აღების გეგმის გამოცხადების შემდეგ ღაზა მოსახლეობის მხოლოდ 10%-მა დატოვა.
ცნობისთვის, ისრაელმა განაცხადა, რომ აპირებს სრული კონტროლი მოიპოვოს ქალაქ ღაზაზე, სადაც ახლა დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. როგორც ისრაელი აცხადებს, მათი მიზანია, დაჯგუფება „ჰამასი“ სრულად გაანადგურონ.