პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის იერიშებს ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 61 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რიცხვი 65 344 ადამიანს აღწევს
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის იერიშებს ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 61 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რიცხვი 65 344 ადამიანს აღწევს

ღაზის სექტორში ისრაელის შეტევა გრძელდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ისრაელის ტანკების და ჯავშანტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

როგორც ჰუმანიტარულ ორგანიზაციის, „სეივ ზე ჩილდრენის“ დირექტორი აცხადებს, „პალესტინელებს წასასვლელი არსად აქვთ, ისინი კატასტროფის წინაშე დგანან“.

რეიჩელ კამინგსმა „სქაი ნიუსს“ განუცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაძლიერებული თავდასხმისგან გაქცეულ პალესტინელებს წასასვლელი არსად აქვთ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ისრაელის მიერ შეთავაზებული საევაკუაციო დერეფანი უსაფრთხო არ არის.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს ღაზაში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 61 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე მონაცემით, 2023 წლის ოქტომბრიდან დაღუპულთა რიცხვი 65 344 ადამიანამდეა გაზრდილი.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ერთ დღეში 220 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი 166 795-მდე გაიზარდა.

„უამრავი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ და გზებზე, რადგან სამაშველო ჯგუფები მათთან მისვლას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნავენ სამინისტროში.