პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი იორდანიასთან და ისრაელთან სამმხრივი კონფედერაციის შექმნას ემხრობა
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი იორდანიასთან და ისრაელთან სამმხრივი კონფედერაციის შექმნას ემხრობა

მაჰმუდ აბასი იორდანიასთან და ისრაელთან სამმხრივი კონფედერაციის შექმნის იდეას ემხრობა. რამალაში, ორგანიზაცია Peace Now-ს წევრებთან შეხვედრაზე, პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა თქვა, რომ იორდანიასთან კონფედერაციის იდეა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და ჯეისონ გრინბლატმა შესთავაზეს.

„მე ვუთხარი, დიახ მსურს სამმხრივი კონფედერაცია ისრაელთან და იორდანიასთან. მე მათ შევეკითხე, თანახმაა თუ არა ისრაელი მსგავს წინადადებაზე“, – თქვა მაჰმუდ აბასმა შეხვედრაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რამალაში გამართულ შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდ“-ის წევრებიც ესწრებოდნენ. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისრაელსა და აშშ-ში კომენტარს არ აკეთებენ.

აშშ-ის გეგმას იორდანიის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ ოფიციალური ამანი კონფლიქტის გადაწყვეტის გზად კვლავ ორი სახელმწიფოს პრინციპს მიიჩნევს.