პალესტინელმა რადიკალებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა შეწყვიტეს
პალესტინელმა რადიკალებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა შეწყვიტეს. ტელეკომპანია „ალ-აქსას“ ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ეგვიპტის ჩარევის შემდეგ იქნა მიღებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაზღვრო ზონაში აფეთქებების ხმა ისევ ისმის. ისრაელის სამხედროების მიერ პალესტინელი მამაკაცის ლიკვიდაციის შემდეგ, ღაზის სექტორში მოქმედმა რადიკალურმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაიწყო. 23-24 თებერვალს არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით 80-მდე რაკეტა გაუშვეს.
ისრაელში ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების 90 პროცენტი გაანეიტრალა. განგაშის სიგნალები ისრაელის ქალაქებში – აშკელონსა და სდეროთში ჩაირთო. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციები ღაზის სექტორში და სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად დაბომბა.