პაკისტანში სექტანტურ ძალადობას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა
პაკისტანში სექტანტურ ძალადობას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
როგორც „როიტერი“ წერს, პაკისტანის ერთ-ერთ რაიონში შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმები გასული კვირის ბოლოს დაიწყო.
„შურისძიების მიზნით მათ გადაწვეს ბენზინგასამართი სადგურები და დააზიანეს ქონება“, – განუცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“ სატელეფონო საუბრისას. მისივე თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ეწვევიან რეგიონს და ორივე მხარის ტომის უხუცესებთან ერთად შეეცდებიან წესრიგის აღდგენას.
თავდასხმების დაწყებიდან მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 58-ს შეადგენს.
ცნობისთვის, გასულ კვირას უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო ავტომობილებს, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კურამის რაიონში. ამ რაიონში შეიარაღებული შიიტი და სუნიტი მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ჩართულნი არიან ტომობრივ და სექტანტურ დაპირისპირებაში ავღანეთის საზღვართან მდებარე მიწის გამო. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა შიიტი იყო, რამაც შეიარაღებული დაჯგუფებების საპასუხო თავდასხმები გამოიწვია.