პაკისტანში მკრეხელობასა და ღვთის გმობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
პაკისტანში მკრეხელობასა და ღვთის გმობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პაკისტანში მკრეხელობასა და ღვთის გმობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალი, აზია ბიბი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. წაყენებული ბრალის გამო, აზია ბიბის სიკვდილთ დასჯა ემუქრებოდა, თუმცა პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ აზია ბიბი უდანაშაულოდ სცნო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზია ბიბი სხვა ქვეყანაში გადავიდა, თუმცა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ჯერ კიდევ პაკისტანში იმყოფება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მუსლიმებისა და ისლამისტური ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, პაკისტანის ხელისუფლება დათანხმდა, რომ აზია ბიბი ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებდა. პაკისტანის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასამართლებული ქრისტიანი ქალის მეუღლე ამბობს, რომ პაკისტანში მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. აზია ბიბის და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა.

ხუთი შვილის დედა ისლამის შეურაცხყოფისთვის 2010 წელს გაასამართლეს. ბრალის საფუძველი მუსლიმ ქალებთან მომხდარი უთანხმოება გახდა, როდესაც ხილის კრეფის შემდეგ აზია ბიბი მუსლიმთათვის განკუთვნილი ჭიქიდან წყლის დალევის გამო გაკიცხეს. მუსლიმი ქალები ამბობდნენ, რომ ჭიქას აღარ შეეხებოდნენ. ჩხუბის შემდეგ მუსლიმმა ქალებმა აზია ბიბის ისლამის მიღებისკენ მოუწოდეს. პროკურატურის ინფორმაციით, აზია ბიბიმ ისლამის რელიგიას შეურაცხყოფა მიაყენა. რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ, პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ საქმეში მტკიცებულებები სანდო არ იყო.