პაკისტანში აცხადებენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ნეიტრალურ გამომძიებლებთან ქაშმირის სადავო შტატში 22 აპრილს ტურისტებზე თავდასხმის გამოსაძიებლად
პაკისტანი ქაშმირის სადავო შტატში ტურისტებზე თავდასხმის ნეიტრალური გამოძიებას მოწოდებით გამოვიდა. ისლამაბადში აცხადებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა სუვერენიტეტს არ დათმობენ.
„პაკისტანი სრულად მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამომძიებლებთან, რათა უზრუნველყოს, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს და სამართლიანობა აღსრულდეს. პაკისტანი კვლავ ერთგულია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების დაცვისა, მაგრამ არ დათმობს თავის სუვერენიტეტს“, – განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმ.
ცნობისთვის, ქაშმირის შტატის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, თავდასხმა 22 აპრილს მოხდა. შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებიდან ორი პაკისტანის მოქალაქე იყო, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა. მომხდარის გამო ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ინდოეთმა პაკისტანთან ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა და განაცხადა, რომ აჩერებს წყლის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებას. ეს შეთანხმება 1960 წელს გაფორმდა და ინდოეთ-პაკისტანის ომის დროსაც მოქმედებდა.
თავის მხრივ, პაკისტანმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს ინდოეთის მოქალაქეების ვიზები. ამას გარდა, პაკისტანმა ჩაკეტა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე და ვაჭრობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამასთან, პაკისტანი ინდოელი დიპლომატების ნაწილს ქვეყნიდან გააძევებს.
ქაშმირში ვითარება, უკვე რამდენიმე დღეა, უკიდურესად დაძაბულია. სადავო შტატის სასაზღვრო ხაზზე ისმოდა სროლის ხმაც.
ცნობისთვის, ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ტერიტორიული დავის საგანს წარმოადგენს. რეგიონში მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფებები, როგორც წესი, მხარს უჭერენ, რომ ეს შტატი სრულად დაექვემდებაროს პაკისტანის კონტროლს.