პაკისტანმა სოციალური მედიის პლატფორმები მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე შეზღუდა
პაკისტანმა სოციალური მედიის პლატფორმები მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე შეზღუდა

პაკისტანმა სოციალური მედიის პლატფორმები მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე შეზღუდა.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წვდომა შეიზღუდა „ფეისბუქზე“, „ტვიტერზე“, „იუთუბზე“, „ვოთსაფსა“ და „ტელეგრამზე“. პაკისტანის ხელისუფლება შიშობს, რომ რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „ტეჰრეეკ-ე-ლაბაიკმა“ სოციალური ქსელები შესაძლოა, ძალადობრივი პროტესტის გაძლიერებისთვის გამოიყენოს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისას სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი მოკლეს, 600-მდე ადამიანი კი დაშავდა, მათგან 200-მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ასევე აპროტესტებს თავისი ლიდერის, საად რიზვის დაკავებას, რომელმაც მანამდე მიმდევრებს აქციებისკენ მოუწოდა.

ულტრამემარჯვენე ისლამისტურმა ორგანიზაციამ საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ დაიწყო. საპროტესტო გამოსვლების გამო, პაკისტანში საფრანგეთის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დროებით დატოვონ.