პაკისტანმა ინდოეთთან ყველა სავაჭრო ურთიერთობა შეაჩერა და ინდოეთის მიერ ოპერირებული ან მფლობელობაში მყოფი ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
პაკისტანმა ინდოეთთან ყველა სავაჭრო ურთიერთობა შეაჩერა და ინდოეთის მიერ ოპერირებული ან მფლობელობაში მყოფი ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

პაკისტანმა ინდოეთის მიერ ქაშმირზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწესებულ ზომებზე საპასუხო ნაბიჯები გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქაშმირში მომხდარი თავდასხმის „სანდო გამოძიებისა და დასაბუთებული მტკიცებულებების“ არარსებობის პირობებში ინდოეთის მცდელობები, დაუკავშიროს პაჰალგამის თავდასხმა პაკისტანს, არის უსაფუძვლო, რაციონალურობასა და ლოგიკას მოკლებული“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკისტანსა და მის შეიარაღებული ძალებს აქვთ სრული შესაძლებლობა და მზადყოფნა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”.

ინდოეთის მიერ მანამდე გამოცხადებულ ზომებს ისლამაბადში „ცალმხრივი, უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, უკიდურესად უპასუხისმგებლო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“ უწოდეს.

საპასუხოდ პაკისტანის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეაჩერა ინდოეთის მოქალაქეებზე გამონაკლისის სქემის ფარგლებში გაცემული ვიზების მოქმედება. ასევე შეამცირა დიპლომატების რაოდენობა ინდოეთის უმაღლეს კომისიაში და მოითხოვა, რომ ინდოეთის სამხედრო მრჩევლებმა პაკისტანი 30 აპრილამდე დატოვონ. ასევე დახურა საჰაერო სივრცე ინდოეთის მფლობელობაში არსებული ან ინდოეთის მიერ ოპერირებული ავიაკომპანიისთვის და შეაჩერა ყველა სავაჭრო ურთიერთობა ინდოეთთან.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შაჰბაზ შარიფის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკისტანი უარყოფს ინდოეთის მიერ ე.წ. წყლის გაზიარების შესახებ შეთანხმების შეჩერებას. განცხადების თანახმად, „წყლის შეჩერების ან მიმართულების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა პაკისტანის მიერ განხილული იქნება, როგორც ომის აქტი და მას პასუხი სრული ძალით გაეცემა.

ასევე გადაწყდა, რომ ინდოეთთან ყველა ორმხრივი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება და დაუყოვნებლივ დაიხურება ვაგის სასაზღვრო პუნქტი.

ცნობისთვის, 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამის მახლობლად, რომელიც მდებარეობს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის შტატის ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტთა ჯგუფს. დაიღუპა 26 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს „ქაშმირის წინააღმდეგობას“ უწოდებს. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავეები „პასუხს აგებენ“. ოფიციალური ისლამაბადი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.

თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობების დონე პაკისტანთან და გამოაცხადა რიგი ზომები, მათ შორის პაკისტანელი სამხედრო ატაშეების გაძევება, სახმელეთო სატრანზიტო პუნქტის დახურვა და წყლის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება.