პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთისთვის გასამართლებული პირის  გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთისთვის გასამართლებული პირის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პირლის თავის მოკვეთის ბრალდებით გასამართლებული ისლამისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანული წარმომავლობის აჰმედ ომარ საედ შეიხი 2002 წელს „უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორის გატაცებისა და მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყო. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ ის გაამართლა.

38 წლის დენიელ პირლი კარაჩიში ისლამისტი მებრძოლების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა, როდესაც ის გაიტაცეს. რამდენიმე კვირაში კი ჟურნალისტისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

გასულ წელს პაკისტანის სასამართლომ აჰმედ ომარ საედ შეიხს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მასთან ერთად ბრალდებულ სამი პირი კი გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ და მოკლული ჟურნალისტის ოჯახმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ სარჩელები არ დააკმაყოფილა.

პირლის ოჯახი ამ გადაწყვეტილების გამო სრულ შოკშია“, – გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პირლის ოჯახის ადვოკატი ფაისალ სიდიქი.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ მთავარმა რედაქტორმა, მეტ მიურეიმ გადაწყვეტილებას „განმაცვიფრებელი და უსამართლო“ უწოდა.