პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველები და ბავშვები. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება აღმოსაველთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ისლამისტური დაჯგუფების „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებლის, ჰაფიზ საედის სახლის მახლობლად მდებარე ბლოკპოსტთან მოხდა. პოლიციის რეგიონული განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე სამართალდამცველები იყვნენ.

დაჯგუფება „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებელ საედს 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ტერორიზმის დაფინანსების ბრალდების საფუძველზე. აღნიშნულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ 2008 წლის მუმბაის ტერაქტების მოწყობაში, რასაც 166 ადამიანი ემსხვერპლა.