პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - ახლო აღმოსავლეთში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის დიპლომატიას აქვს პოტენციალი, მოვუწოდებთ ტრამპს, ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს, ირანმა კი ამ პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნას
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის დიპლომატიური ძალისხმევა სტაბილურად, მტკიცედ და ძლიერად ვითარდება და აქვს პოტენციალი, რომ უახლოეს მომავალში არსებით შედეგამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ ქსელში წერს.
შარიფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივების, თეირანს კი ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.
„დიპლომატიამ პროცესი რომ ბოლომდე გაიაროს, გულწრფელად მოვუწოდებ დონალდ ტრამპს, ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს. პაკისტანი სრული გულწრფელობით სთხოვს ირანელ ძმებს, კეთილი ნების ჟესტის სახით, შესაბამისი ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე გახსნან. ასევე მოვუწოდებთ ყველა დაპირისპირებულ მხარეს, ყველგან დაიცვან ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტა, რათა დიპლომატიამ, რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ომის საბოლოო დასრულება უზრუნველყოს“, – წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.