პაკისტანის პოლიციამ ბავშვების სერიული მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 20 ეჭვმიტანილი დააკავა
პაკისტანის პოლიციამ ბავშვების სერიული მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 20 ეჭვმიტანილი დააკავა

პაკისტანის პოლიციამ ბავშვების სერიული მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 20 ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვლილი რვა წლის ბიჭუნას, მუჰამედ ფაიზანის ცხედარი პანჯაბის პროვინციის ქალაქ კასურის ინდუსტრიულ რაიონში გასულ კვირას აღმოაჩინეს. მუჰამედი ახლომდებარე მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ცხედარს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება. ამავე რაიონში მოგვიანებით კიდევ ორი ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ამავე ქალაქში უკვე რამდენიმე თვეა კიდევ სამი ბავშვია დაკარგული, ერთი არასრულწლოვანი კი გასულ კვირას გაუჩინარდა.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ საქმეში სერიული მკვლელი ფიგურირებს. 20 დაკავებული ეჭვმიტანილის დე-ენ-ემ-ის ნიმუში ანალიზისთვის უკვე გაიგზავნა.

გასულ კვირას ბავშვების მკვლელობების გამო ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ბავშვთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პაკისტანში ბავშვებზე ძალადობის შემზარავი სტატისტიკაა. უფლებადამცველების მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში ბავშვებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის 3800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.