პაკისტანის ხელისუფლება – ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა პაკისტან-ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებზე დარტყმები განახორციელეს
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა კვირას პაკისტან-ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებზე დარტყმები განახორციელეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად 29 მებრძოლი დაიღუპა.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის, ატაულა ტარარის განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა.
მომხდართან დაკავშირებით, ავღანეთის ხელისუფლებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
მედიის ინფორმაციით, ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც შეიარაღებულმა პირებმა პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში გასამხედროებული რეინჯერების რეგიონულ შტაბს შეუტიეს. თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა. პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს, კიდევ ერთი კი დააკავეს. სამხედროების ინფორმაციით, დაკავებული ავღანეთის მოქალაქეა.