„პახტაკორი“ 2009 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველად გავიდა - აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გამოკითხვაში არველაძეც მონაწილეობს
„პახტაკორი“ 2009 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველად გავიდა - აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გამოკითხვაში არველაძეც მონაწილეობს

შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის 4 გამორჩეულ მთავარ მწვრთნელს შორის აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაასახელა და გულშემატკივრებში გამოკითხვა საუკეთესოს გამოსავლენად დაიწყო.

ეს მწვრთნელები იმ გუნდებს ხელმძღვანელობენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ და დაამტკიცეს, რომ 2020 წელს აზიის საუკეთესო გუნდის პრეტენზია საფუძვლიანად გააჩნიათ.

„უზბეკეთის „პახტაკორმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ათწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდი ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, შოთა არველაძემ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით 2020 წლის ტურნირზე გამოვიდა ამბიციური გუნდი, რომლის მწვრთნელიც შეძლებისდაგვარად შორს წასვლას ფიქრობს. შემადგენლობაში ჰყავს პიკს მიღწეული არაერთი ლეგიონერი, ვეტერანები და ყველაზე დიდი უზბეკი ტალანტი ჯალალოდინ მაშარიპოვი. მათ პროგრესს მიაღწიეს და პირველი ადგილი დაიკავეს მოქმედი ჩემპიონის, „ალ ჰილალის“ B ჯგუფში. თუმცა, „პახტაკორს“ შემდეგი ეტაპის თამაში მთავარი ტაქტიკოსის, არველაძის გარეშე მოუხდა, რადგან „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილ მეგოლეს კორონავირუსი დაუდასტურდა და იძულებული გახდა, იზოლაციაში ყოფილიყო. ის ყველაფერს ასისტენტს, პიტერ ჰუისტრას უთანხმებდა, რომელიც მის არყოფნაში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ასრულებდა. ირანის პროფესიონალური ლიგის გიგანტი იყო შემდეგი გუნდი, რომელთანაც შოთა არველაძის გუნდმა მერვედფინალში მებრძოლი სულისკვეთება აჩვენა. „პახტაკორმა“ 1/8 ფინალში 2:1 სძლია „ესტეღლარს“ და 2009 წლის შემდეგ, მეოთხედფინალში პირველად გავიდა“, – ასე ასაბუთებს აზიის ფეხბურთის კონფედერაცია შოთა არველაძის გამორჩევას.

ქართველი მწვრთნელის კონკურენტები არიან საუდის „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ხელმძღვანელი რუი ვიტორია, ასევე „ალ-აჰლის“ სერბი მწვრთნელი ვლადან მილოევიჩი და „პერსეპოლისის“ ირანელი დამრიგებელი იაჰია გოლმოჰამიდი.

შოთა არველაძის მხარდაჭერა შეგიძლიათ ამ ბმულზე.