პაციენტი, რომელსაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა
პაციენტი, რომელსაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა

ბათუმში ახალი კორონავირუსი დღეს 60 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში ერთი კვირის წინ თურქეთიდან შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქე საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კარანტინში იყო მოთავსებული.

„ის საქართველოში თურქეთიდან, სარფის გავლით შემოვიდა. ადგილზე არ აღენიშნებოდა ცხელება, თუმცა როგორც ყველა ასეთ შემთხვევაში, გადაყვანილ იქნა კარანტინში და სიმპტომები დაახლოებით შვიდი დღის შემდეგ გამოუვლინდა. პაციენტი კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქალბატონი თურქეთიდან მარტო დაბრუნდა და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბოლო 24 საათში აჭარაში ახალ კორონავირუსზე 36 პაციენტი გამოიკვლიეს, აქედან 35-ს ინფექცია არ დაუდასტურდა.

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამჟამად რვა ინფიცირებული იმყოფება.