პაატა ზაქარეიშვილი - 100 წლის წინ 26 მაისი უდიდესი დღე იყო
პაატა ზაქარეიშვილი - 100 წლის წინ 26 მაისი უდიდესი დღე იყო

100 წლის წინ 26 მაისი უდიდესი დღე იყო და ამას ვულოცავ ქართველ ერს, მთელ ნაციას, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„დამოუკიდებლები 100 წელია არ ვართ, რადგან ის მალევე დავკარგეთ და ახლახან აღვადგინეთ, მაგრამ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპული დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ევროპული ოჯახის წევრი გავხდით. როგორც ქართველი, მე ბედნიერი ვარ, რომ ქართველებმა ეს სიმაღლე ავწიეთ, რაც ბევრს არ შეეძლო. როცა ჩვენ ეს გავაკეთეთ, დღევანდელი ევროპის კავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოებიც კი არ იყვნენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის დაკარგვა შიდა პრობლემებით გამოწვეული არ იყო, მხოლოდ გარე პრობლემები არსებობდა და ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიადი ქვეყანა გვქონდა მაშინ.

„მაშინ ჩვენ გვერდით ორი უდიდესი იმპერია, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები დაემხო. ჩვენ რუსეთის ნაწილი ვიყავით, ოსმალეთი ჩვენი მეზობელი იყო და ამათ ნანგრევებში აღმოვჩნდით. ჩვენთვის მოულოდნელად, გერმანიამ, რომელიც ომს აგებდა, მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, მიდით, სერიოზული ნაბიჯი გადადგით და მოგყვებითო. საქართველო, როგორც წარმატებული სახელმწიფო ამ საშინელი ქაოსის პირობებში რომ ამოვიდა, გამაოგნებელი ესაა, თორემ გარშემო რომ ყველაფერი წარმატებული ყოფილიყო, როგორც დღეს ევროკავშირია, მაშინ ეს ამდენად შთამბეჭდავი არ იქნებოდა. საქართველოს მაშინ ბრილიანტის ბრჭყვიალება ჰქონდა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველანი ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, რომელსაც ვერავინ შეედრება, მაგრამ ის 1907 წელს მოკლეს და ნოე ჟორდანია არანაკლები ფიგურაა, რადგან მას გადაწყვეტილების მიღება ორი დანგრეული იმპერიის პერიოდში მოუწია.

„ქართველებს სტრატეგიული აზროვნება გვაქვს, მოვლენას მხოლოდ დროსა და სივრცეში ვაფასებთ და მას დინამიკაში არ ვხედავთ. დინამიკა კი სულ სხვაა. ილია ჭავჭავაძე რომ მაშინ ყოფილიყო, როცა ოთხწლიანმა დამანგრეველმა ომმა მთელი ევროპა ჩამოშალა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული? მე სოციალისტი არ ვარ, სოციალიზმი, როგორც იდეოლოგია არ მიყვარს, მაგრამ აღტაცებული ვარ იმ ქართველი პოლიტიკოსებით, რომლებმაც საქართველო ნანგრევებში ასე გამოატარეს და მართლაც უნიკალური სახელმწიფო შექმნეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ მაშინდელი უდიდესი პოლიტიკოსების გვარებიც კი არ ვიცით, რაც საბჭოთა პროპაგანდის ზეგავლენაა.

„საბჭოთა პროპაგანდას ერჩივნა, ეროვნული გმირები გვყოლოდა, მაგრამ პოლიტიკური გმირები არ გვყოლოდა, რადგან ნოე ჟორდანია სტალინის მეტოქე იყო. არჩევნების დროს, მან საქართველოში ბოლშევიკები ამარცხა, ამარცხა და არ გაახარა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.