პაატა სილაგაძე - ხშირად ყოფილა უხერხული სიტუაცია, საქმის წარმოება დამთავრებული არ იყო და მიხეილ სააკაშვილს მსჯავრდებული უკვე შეწყალებული ჰყავდა
პაატა სილაგაძე - ხშირად ყოფილა უხერხული სიტუაცია, საქმის წარმოება დამთავრებული არ იყო და მიხეილ სააკაშვილს მსჯავრდებული უკვე შეწყალებული ჰყავდა

აღმოჩნდა, რომ საქმის წარმოება დამთავრებული არ იყო, პრეზიდენტს მსჯავრდებული შეწყალებული ჰყავდა, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, თუ როგორ აფასებს კანდიდატი შეწყალების ინსტიტუტს.

პაატა სილაგაძის თქმით, ხშირად ყოფილა უხერხული სიტუაცია, როდესაც უზენაეს სასამართლოს პირი გაუმტყუნებია, თუმცა საქმის წარმოების პროცესის დასრულებამდე, პრეზიდენტს ის უკვე შეწყალებული ჰყავდა. კანდიდატმა განმარტა, რომ ასეთი შემთხვევა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა.

„უხერხულობის წინაშე დამდგარა სასამართლო პირადად ჩემს შემთხვევაში, როდესაც ადამიანის მიმართ საქმეს ვიხილავდი და გამამართლებელი განაჩენი იყო სააპელაციო სასამართლოში გამოსული. სხდომა ჩავატარეთ, არსებითი განხილვა იყო, შევცვალეთ გადაწყვეტილება და სხდომის დარბაზიდან მოგვიწია ამ გამართლებულის კვლავ დაპატიმრება. ამ დროს ადვოკატი მეუბნება, ბოდიში, მაგრამ თქვენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერ დააკავებთო. გამიკვირდა, რადგან განაჩენი უკვე გამოტანილი მქონდა, მივიჩნევ, რომ დამნაშავე იყო. ადვოკატმა მითხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. როდესაც პროკურორს ვკითხე, თუ რა მოხდა, მითხრა, რომ არც მან იცოდა, რა მოხდა.

აღმოჩნდა, რომ საქმის წარმოება დამთავრებული არ იყო, პრეზიდენტს შეწყალებული ჰყავდა პირი. ეს იყო ზუსტად ამნისტიის პერიოდში საქმეებს რომ ვიხილავდით, იმ ქარცეცხლში მოხდა. პრეზიდენტი მე მგონი სააკაშვილი იყო. 2013 წელი იყო“, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.