პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა იმ საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რომელთაც მომხმარებლებს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 127 იუსტიციის სახლი აწვდის. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების, ეთიკისა და სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.
სამართლის საერთაშორისო სამიტი სტამბოლში 8-9 ოქტომბერს იმართება.