პაატა სალია - ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო დავალიანების საკითხზე
პაატა სალია - ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო დავალიანების საკითხზე

ვაპირებთ, საგადასახადო დავალიანების საკითხზე უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანებების საკითხზე ფინანსთა მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარდგენა, რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახდო ვალდებულება. ცხადია, სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის დღეს. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტიანი გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს, გააგრძელოს ფუნქციონირება და არ იყოს რამე შეფერხება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება: „რუსთავი 2“ – დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებში, „იმედი“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტრო“ – 8 მილიონზე მეტი. მინისტრმა მოუწოდა ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში, თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას და გრაფიკს. ამასთან, მისი თქმით, მთავარი პირობაა, ტელეკომპანიებმა გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები და აღარ დააგროვონ ვალები.