პაატა სალია - თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს 
პაატა სალია - თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დოკუმენტების გაცნობის შემდგომ მე წარვადგინე განცხადება, სადაც მივუთითე დანაშაულის სავარაუდო ნიშნებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.

„ჩემი განცხადება ძირითადად, იყო მაინც უფრო ზოგადი, თუმცა გარკვეულ საკითხებში თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა კომპანიის საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს. შესაბამისად, ვალდებული ვიყავი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ახალი დირექტორი, მეცნობებინა ამის თაობაზე შესაბამისი ორგანოებისათვის. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ ციფრებს, ფაქტებს და ა.შ. გარკვეული ფაქტები ჩემთვისაც ცნობილი იყო, იგივე ბინებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს საჯარო რეესტრის მონაცემებით, აშკარად ჩანს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მისივე თქმით, გამოძიების მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

„შესაბამისად, კვალიფიკაციას და საბოლოოდ დამნაშავეა, თუ არა კონკრეტული პირი, ამას დაადგენს სასამართლო. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები. დანარჩენზე ალბათ, ნიკა გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას და საბოლოოდ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, პირი იქნება თუ არა მიჩნეული ბრალეულად. ფაქტია, რომ „ინტერმედიას“ საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია სხვა პირისთვის“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.