პაატა სალია „სტერეო პლუსის“ განცხადებას პასუხობს - „რუსთავი 2“ არ გაითიშება
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა ფინანსური დავალიანება გადავიხადოთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სტერეო პლუსის“ განცხადების საპასუხოდ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პაატა სალიას თქმით, ხვალ, ღამის 12:00 საათზე „რუსთავი 2“ არ გაითიშება და გააგრძელებს მაუწყებლობას.
„სტერეო პლუსმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ.
„პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – აცხადებენ „სტერეო პლუსში“.