პაატა სალია – შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რა მიზეზით აღმოჩდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში
საერთო ჯამში, პატიმრების რაოდენობა რაც არის, გადატვირთულობა არ გვაქვს, თუმცა ორი დაწესებულებაა, სადაც გვაქვს ხოლმე გარკვეული გადატვირთულობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაატა სალია ასევე გამოეხმაურა ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საქმეს და აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რა მიზეზით აღმოჩდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვიცით, რომ მერვე დაწესებულებაში არის ლიმიტზე მეტი რაოდენობა პატიმრებისა, თუმცა კონკრეტულად ფეიქრიშვილების საქმეზე როცა ვსაუბრობთ, არ ვიცი, რამდენად იყო ეს გარემოება მიზეზი იმისა, რატომ აღმოჩნდნენ ფეიქრიშვილთან ერთად საკანში სხვა პირები. მე არ ვიცი, იყო თუ არა [წარსულში] ამ პირებს შორის დაპირისპირება, ეს არის, ზოგადად, მოარული ხმები. ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერი რამ განაცხადოს. ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი, საბოლოო ჯამში, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მოკლებული ვარ შესაძლებლობას, გესაუბროთ დეტალებზე, რაც ჩემთვის არ არის ცნობილი და რასაც შესაძლოა, რომელიმე მხარე გარკვეული სპეკულაციისთვის იყენებდეს. ისეთ ფაქტებზე, რაც არ არის დადგენილი სასამართლოს მიერ, მე ვერ გაგცემთ პასუხს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.