პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა
პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც მან „რუსთავი 2“-ში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის თანამშრომლებს შეხვდება.

აქვე, სალიამ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

„გუშინ სწორედ ამ მიზნით მოვედი, რომ კომპანიაში არსებული ვითარების გაცნობა დამეწყო. პირველ რიგში, გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შევხვედროდი მათ, ყველას უკლებლივ, რა დროც დასჭირდებოდა. თუ ერთ დღეში ვერ მოესწრებოდა, მაშინ რამდენიმე დღეში, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად, დაგვეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობისთვის. დღესაც იმავე მიზნით ვარ მოსული. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო დღე დასრულებული იყო და ის ადამიანები, ვინ ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, უკვე წასული იყვნენ. შესაბამისად მოვედი, ისეთ დროს, როცა ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ გავესაუბრები და დანარჩენს შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალიამ.

კითხვაზე, მოსწონს თუ არა პროდუქტი, რასაც „რუსთავი 2“ ქმნის, პაატა სალიამ კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ყველანი ადამიანები ვართ, ვიღაცას შეიძლება, რაღაც არ მოსწონდეს, ან მეტნაკლებად და ა. შ. ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულება. ამ შემთხვევაში ჩემს შეხედულებას ამ ნაწილზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არ მინდა, ვინმეს ჰქონდეს დღეს ნებსით თუ უნებლიედ, რაღაც ინტერპრეტაციის საშუალება. სწორედ ამიტომ, არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს. მინდა, ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ. აკეთონ, რასაც აქამდე აკეთებენ. შესაბამისად, კომენტარი შეიძლება ვინმემ ზეგავლენად გაიგოს, ამიტომ, არ მინდა, ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ”, – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება კონტრაქტებს და გარანტიებს, რომლებსაც თანამშრომლები ითხოვენ, სალია აცხადებს, რომ თანამშრომლებთან შეხვედრის და დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.