პაატა სალია - „რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, სწორედ ამ მიზეზით მიიღო ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის გაყიდვის გადაწყვეტილება
პაატა სალია - „რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, სწორედ ამ მიზეზით მიიღო ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის გაყიდვის გადაწყვეტილება

არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული წერილები, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას და თუ უმოკლეს ვადაში, ერთ კვირაში, ათ დღეში არ იქნება გადახდილი არსებული დავალიანება, ისინი მიმართავენ სასამართლოს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

სალიას თქმით, კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე და პირველ რიგში ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, იცოდნენ პოტენციური მყიდველების თაობაზე, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ მათგან პასუხები, თუ რაში გამოიხატება მათი ინტერესი.

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გაკეთდა განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას აცნობა თავის გადაწყვეტილების შესახებ, რომ გაასხვისოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები და ასევე განმარტა ის მიზეზები, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე და თქვენ, ჟურნალისტებს პირველ რიგში გექნებათ საშუალება, შესაძლებლობა, იცოდეთ პოტენციური მყიდველების თაობაზე, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ მათგან პასუხები, თუ რაში გამოიხატება მათი ინტერესი და ა.შ.

ამ ეტაპზე კი ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მტკიცებულებები და დასკვნები. საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში, შესწავლილ იქნას არსებული ვითარება, თუმცა დღეის მდგომარეობით, ვინაიდან უკვე ოც დღეზე მეტია კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობით პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველანაირ მოქმედებას, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის, დღეის მდგომარეობით ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადგილი, შესაძლოა, ჰქონდეს მიზანმიმართულ მოქმედებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მე პირველივე დღიდან ვაცხადებდი, რომ კომპანიაში ურთულესი მდგომარეობაა. არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები, რომელთა გადახდის ვადა მოსულია და პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას და თუ უმოკლეს ვადაში, ერთ კვირაში, ათ დღეში არ იქნება ჩვენ მიერ გადახდილი არსებული დავალიანება, ისინი მიმართავენ სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის და, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ყველასთან დავარეგულიროთ ეს ურთიერთობები“,- განაცხადა სალიამ.

ამასთან, როგორც სალია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივი მდგომარეობა, რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ისინი ამ ნაბიჯს შეგნებულად არ დგამენ. სალიას თქმით, „რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება. სალიას განმარტებით, სწორედ ამიტომ მიიღო ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივი იმგვარი მდგომარეობა, რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, არც არასდროს გვიფიქრია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ესე არ მოხდება და „რუსთავი 2“ არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის და ამ მიზეზით, რომ ეს არ მოხდეს, მიღებულ იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვეულ იქნა იმ ყადაღების და შეზღუდვების შედეგად, რაც 2015 წელს გამოიყენა სასამართლომ.

ყველას შეგახსენებთ და არაერთხელ გავიმეორე ეს, რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ყველა შემაფერხებელი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა კომპანიას ნორმალურ ფუნქციონირებაში და მზადყოფნა იყო გამოცხადებული საჯაროდ, არსებობს ამის საარქივო მასალები და შეგიძლიათ ნახოთ მათ შორის სასამართლოში გაკეთებული ჩვენი ზეპირი განცხადებები, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ერთი ნაბიჯი ჩვენი მიმართულებით არ იყო გადადგმული. გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი კვალიფიციური, დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის ზიანი შეიძლებოდა გამოეწვია ამ შეზღუდვებს, ან შეიძლებოდა თუ არა რეალურად რაიმე ზიანი გამოწვია ამასთან დაკავშირებით, დღემდე არავისგან არ მოგვისმენია“,- განაცხადა სალიამ.