პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრს, დამირ ჰაბიიანს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრს, დამირ ჰაბიიანს შეხვდა. პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში, OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვა, აგრეთვე ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს უწყების პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საუბარი შეეხო აგრეთვე პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.
პაატა სალიამ დამირ ჰაბიიანს ინფორმაცია მიაწოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზების გზით.
შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.